მთავარი გვერდი / ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი საკითხები

როგორია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი და ღირებულება? როგორია ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი?

წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.

როგორ უნდა მოიქცეს ბუნებრივი გაზის მომხმარებელი საავარიო სიტუაციის შექმნის დროს?
  • გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5%-ს დაგროვება 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს.
  • შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ 114!
  • კატეგორიულად აკრძალულია გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება.
  • გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;

ფინანსური საკითხები

ვის ეკისრება გაზმომარაგების აღდგენის საფასურის გადახდა?

განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო გაზგამანაწილებელი ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა:


  • საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის საფასური ლუქით გათიშვის შემთხვევაში 5.20 ლარი; აირშედუღებით გათიშვის შემთხვევაში - 37.75 ლარი;

  • არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის საფასური ლუქით გათიშვის შემთხვევაში 29.50 ლარი; აირშედუღებით გათიშვის შემთხვევაში - 51.35 ლარი;
რა შემთხვევაშია ვალდებული მომხმარებელი შემოიტანოს თანხა დეპოზიტზე?

იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მომხმარებელს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და, დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დეპოზიტზე შეტანილი თანხით დაფაროს ამ მომხმარებლის დავალიანება. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს დეპოზიტზე თანხის შეტანა თუ:
ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა მის სარგებლობაში დროებით არსებული ქონების მისამართზე და
ბ) საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე გაზიფიცირებული უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში?

უძრავი ქონების შეძენის დროს შეამოწმეთ, ერიცხება თუ არა გამყიდველს ბუნებრივი გაზის დავალიანება, აგრეთვე ედრება თუ არა მრიცხველის ჩვენება ბოლო ქვითარზე დაფიქსირებულ ანათვალს. იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველი განლაგებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) გამყიდველისაგან მოითხოვეთ მრიცხველის ბოლო დამოწმების ცნობა.

დაშვებულია თუ არა რიცხული დავალიანების დაფარვის გადანაწილების შესაძლებლობა?

გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ რიცხული დავალიანების დაფარვის გადანაწილების მიზნით აბონენტმა უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრს. დავალიანების გადანაწილების პირობებზე კომპანიასა და აბონენტს შორის მიღწეული შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით – ხელშეკრულებით.

სამართლებრივი საკითხები

რა შემთხვევაში დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი?
  • ბუნებრივი გაზის მოხმარების დროს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომელი და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურებისას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისაგან კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • ზიანის ოდენობის დაანგარიშება ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ 2009 წელს 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”-თ დანსაზღვრული ნორმების შესაბამისად მომხმარებელთან დამონტაჟებული გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით.
რა სანქციებია გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აბონენტის მიერ გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლის გაზის აღრიცხვის ხელსაწყოსთან (მრიცხველთან) არ დაშვების შემთხვევაში?

წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება.

რა უფლებამოსილება გააჩნია გაზგამანაწილებელ კომპანიას საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმებასა და ზედამხედველობის დროს?

განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებსა და ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტებზე (მათ შორის თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) საცალო მომხმარებელთა ინფორმირებას.

შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს).

განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება.

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge