მთავარი / სიახლეები

შპს ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური განცხადება უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ

2017-01-09 18:32:16


 დღეს, 2017 წლის 9 იანვარს,  შპს  „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს მთავარმა ინჟინერმა, ბატონმა გიორგი ლეფსვერიძემ, კიდევ ერთხელ მიმართა   კომპანიის  აბონენტებს    ბუნებრივი აირის  მოხმარებაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე  სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ დღეს, ტელეკომპანია იმედის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. გთხოვთ, გაეცნოთ  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს სპეციალურ განცხადებას და რეკომენდაციებს, უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით.

 

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის მომხმარებლების მიერ ჩაირთო სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი არ არის სათანადოდ შემოწმებული და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, გარემო ტემპერატურის კლებიდან გამომდინარე, ოთახებში სითბოს შენარჩუნების მიზნით გაზის მომხმარებლების მხრიდან არ ექცევა სათანადო ყურადღება იმ სათავსების პერიოდულად განიავების საკითხს, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები. აღნიშნული გარემოება (მითუმეტეს თუ სათავსებში დამონტაჟებულია ღია წვის კამერის მქონე გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები) წარმოადგენს უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზს.

მომხმარებელების მიერ გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე კონტროლის განხორციელების და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უწყვეტად ახორციელებს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის ყოველწლიურ შემოწმებას (ე.წ. გეგმიურ გამართხილებელ რევიზიას - გგრ), რომლის ფარგლებშიც აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანდო რეაგირება, კერძოდ, სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევით დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოები ითიშება გაზმომარაგების ქსელიდან, ხოლო მომხმარებლებს ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციები დარღვევების გამოსასწორებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გგრ-ის მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული პრობლემა მომხმარებელთა მხრიდან საცხოვრებელ ბინებში კომპანიის წარმომადგენელთა არშეშვების კუთხით. გამომდინარე აქედან, ტექნიკური შემოწმება ვერ ხორციელდება შესამოწმებელ აბონენტთა 30%-ში. ამასთან, კომპანიის მიერ უკვე შემოწმებული (70%) მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა (20%) კვლავ აგრძელებს გაზის ხელსაწყოების (მათ შორის კომპანიის მიერ აღმოჩენილი დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი) თვითნებურად მიერთებას.

 

გამომდინარე აქედან, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები, კერძოდ:

-          ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით;

-          გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არცევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოების, რომელთაც გააჩნიათ წვის დახურული კამერა (ე.წ. „დახურულკამერიანი“ გაზის ხელსაწყოები);

-          უზრუნველყონ იმ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები;

-          შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყონებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყონებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114;

-          არ დატოვონ უმეთვალყურეოდ ანთებული გაზის ხელსაწყოები;

-          შეუფერხებლად დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინებში გაზის სისტემების შემოწმების მიზნით. აღნიშნული შემოწმება (გეგმიურ გამაფრთხილებელი რევიზია - გგრ) ტარდება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დადგენას;

-          დროულად გამოასწორონ გგრ-ის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და გაითვალისწინონ კომპანიის წარმომადგენელთა მიერ მიცემული რეკომენდაციები.

 

საცხოვრებელი ფართის დროებით სარგებლობის (ქირაობა,  იჯარა და სხვა) შემთხვევაში მიზანშეწონილია დროებითმა მოსარგებლემ მოითხოვოს  სახლშიდა გაზმომარაგების სისტემის შემოწმება, მიუხედავად იმისა იყო თუ არა აღნიშნულ მისამართზე გგრ ჩატარებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მესამე მხარის დაუდევრობის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევები. 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობაში გავრცელებულია მცდარი ინფორმაცია უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხში მეტი გარკვეულობის შეტანის მიზნით კომპანია აცხადებს, რომ უბედური შემთხვევები ძირითადად გამოწვეულია გაზის ხელსაწყოების არასწორი ექსპლუატაციით, რის შედეგადაც სათავსოში გროვდება გაზის არასრული წვის პროდუქტი მხუთავი აირი - CO, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავია. გარემოში  CO-ს 0.5%-ს დაგროვება 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილსაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია დაბეჯითებით მოუწოდებს მოსახლეობას გაზის მოხმარებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.ktg-tbilisi.ge

 ამავე დროს კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს გაზის სისტემების შემოწმებასთან დაკავშირებით ისარგებლონ კომპანიის უფასო მომსახურებით, ასევე მიიღონ სახვადასხვა რეკომენდაციები ტექნიკურ საკითხებზე კომპანიის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე 240 40 04. 


  • ნახვები3200