მთავარი / სიახლეები

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

2017-01-06 18:04:02

2017 წლის 5 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, 9 საათიანი „კურიერის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთ-ერთი აბონენტის ინფორმაციას მის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გაზრდილ გადასახდელთან დაკავშირებით, გვინდა განვმარტოთ შემდეგი:

სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბონენტის მიერ წარმოდგენილი ქვითრები ასახავდა 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ხარჯებს არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, აბონენტის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ქვითარი ასახავს მის მიერ არა  2015 წლის დეკემბერში, არამედ 2016 წლის გაზაფხულის, მარტის თვეში მოხმარებული გაზის ხარჯს 140,96 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ქვითარში ასახულია 2016 წლის დეკემბრის  თვეში მოხმარებული გაზის ხარჯი, რომელიც დეკემბრის თვის საშუალო დღიური ტემპერატურის კლების გათვალისწინებით, ბუნებრივად უფრო მეტია მარტის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და თანხობრივად შეადგენს 363,13 ლარს. ამავე ქვითარში ჩანს 2016 წლის ნოემბრის ხარჯი, რომელიც შეადგენს 268,24 ლარს. სწორედ ამ ფაქტის დამალვის მიზნით, გავრცელებულ კადრებში ქვითრები მაგიდაზე იმგვარად არის განლაგებული,  რომ ერთი ქვითარი ნაწილობრივ ფარავს მეორეს, რის გამოც ეკრანზე ჩანს მხოლოდ გაზის ხარჯის თანხობრივი მაჩვენებლები. 2016 წლის მარტის თვის (და არა 2015 წლის დეკემბრის)  ქვითრის გამოწერის თარიღი დაფარულია 2016 წლის დეკემბრის ქვითრით.  შესაბამისად გაზის ხარჯის სამმაგ ზრდას დეკემბრის თვეში ადგილი არ ჰქონია.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, მითითებული საკითხის დაზუსტების მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ არ მოუმართავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის არცერთ ჟურნალისტს, რისი გათვალისწინებით კომპანია დაბეჯითებით მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 


  • ნახვები1753